მეოცე საუკუნის ევროპული პოეზია

ახალი

ავტორი: თარგმნა მაია ნათაძემ

მეოცე საუკუნის ევროპული პოეზია

Los relojes llevan la misma cadencia,

Y las noches tienen las mismas estrellas.

  1. G. Lorca
  2.  

საათი იმავე რითმით მიდის,

ღამეში იგივე ვარსკვლავი იწვის

ფ. გ. ლორკა

 

Ouvrez moi cette porte ou je frappe en pleurent

La vie est variable aussi bien que L'euripe.

  1. Apollinaire
  2.  

გამიღეთ მოდით ვაბრახუნებ კარზე ტირილით

ტრიალებს ისე ეს ცხოვრება ვით ევრიპოსის ზვირთი.

გ. აპოლინერი

 

Mein Blut ist länger als die Rosen rot.

M. Rilke

სისხლი ჩემი გრძელია უფრო, ვიდრე სიწითლე ვარდის¹

რ. მ. რილკე

 

მიდის დრო — გადიან წლები, საუკუნეები, ათასწლეულები... ადამიანები იცვლიან ტანისამოსს, შეხედულებებს, ესთეტიკას... მათი არსი კი უცვლელი რჩება. ამიტომაა ალბათ, რომ ჩვენ, მესამე ათასწლეულში გადმობიჯებულ ადამიანებს, ცოცხალ ამოძახილად მოგვესმის საუკუნეების სიღრმიდან ამოსული უბრალო ხმა 16 წლის სერაფიტასი და მით უფრო ხელოვნების ქმნილებების. ნამდვილი ხელოვნება ხომ ალბათ ის არის, რაც, მართალია ახალ-ახალი ნიუანსებით და შესაბამისი მანამდე უცნობი ფორმით, მაგრამ მაინც ისევ და ისევ იმავეს — ადამიანის და სამყაროს არსისეულს, მარად ძველს და მარად ახალს დასტრიალებს.

 

ვთავაზობ მკითხველს სწორედ ასეთი ლექსების კრებულს — ქრისტეანული წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის ბოლო ორი საუკუნის მიჯნაზე დაბადებული და ძირითადად ბოლო, მე-20 საუკუნეში მოღვაწე ევროპული კულტურის პოეტებისას — დედანს და თარგმანს.

 

თარგმანში ვცდილობ შევუნარჩუნო ლექსს სხვასთან ერთად (ესთეტურ ღირებულებაზე და ინტონაციურ თუ აზრობრივ-მსოფლმხედველობრივ სპეციფიკაზე რომ არაფერი ვთქვათ) დედნის პოეტური თვითმყოფადობა, ავტორის ეროვნულ-ინდივიდუალური ხელწერა ისე, რომ არ დაზიანდეს ქართველი მკითხველის აღქმა და ქართული ენის ბუნებრიობა, რა თქმა უნდა მხოლოდ იქ, სადაც ხელუხლებელია თვით დედნის ენის ბუნებრიობა. ვცდილობ (ერთი შეხედვით ეს პარადოქსად მოისმის) ლექსი ჟღერდეს ისე, თითქოს ქართულადაა დაწერილი და ამავე დროს ეტყობოდეს, რომ ავტორი არ არის ქართველი — არის ესპანელი, გერმანელი, ფრანგი...

 

ევროპული ლექსის კრებულში ზოგი რუსი პოეტის ჩართვა გამართლებული მგონია იმით, რომ ამავე ხანის დანარჩენი რუსი პოეტებისაგან განსხვავებით, როგორიცაა ესენინი, ტიუტჩევი, ხლებნიკოვი... ესენი მიჰყვებიან უფრო ევროპული აღქმა-ესთეტიკის კალაპოტს, ვიდრე სპეციფიურად რუსულს.

 

გამართლებას მოითხოვს მე-20 საუკუნის ევროპული პოეზიის კრებულში მე-19 საუკუნელი ამერიკელი ემილი დიკინსონის ჩართვაც. ეს მოხდა იმიტომ, რომ ემილი დიკინსონი არის მე-20 საუკუნის ახალი პოეზიის პირდაპირი წინაპარი — სათქმელის ხასიათით თუ პოეტიკით.

 

ორივე გამართლება, ფაქტიურად, post factum გააზრებული გამართლებაა, თორემ — ცოდვა გამხელილი ჯობია — სათარგმნი ლექსები შერჩეულია არა გონების, არამედ უშუალო იმპულსის კარნახით. გამონაკლისია ჯოისის ფსიქოანალიტიკური ლექსი (XXXVI), რომელიც არ იწვევს მაინცდამაინც საგრძნობ ესთეტურ განცდას, მაგრამ არის „ცივილიზაციის მონაპოვარი“ — ჯოისის მიერ შეგნებულად გააზრებული ცდა, ასახოს არაცნობიერის ცნობიერში ამოსვლის პროცესი და პირიქით (განსხვავებით გეორგ თრაკლისაგან, სადაც დაახლოებით იგივე სპონტანურად ხდება).

 

და მაინც, წიგნი გამოვიდა ქრესტომატიული; ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი საუკეთესო, ის, რაც მე-20 საუკუნის პოეზიის მკითხველს განსაკუთრებით მიიზიდავს, კონცენტრირებულია სწორედ ამ პოეტების ლირიკაში, რომელიც ფაქტიურად საუკუნის პოეტურ სახეს განსაზღვრავს. ამათ გადაჰყვა ჩვენი საუკუნე. ის კი, რაც მოსდევს ამ პლეადას ანუ მე-20 საუკუნის დასასრულის პოეზია — ალბათ უკვე ორი ათასწლეულის მიჯნის პოეზიად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც 21-ე საუკუნის პოეტურ სახეს განსაზღვრავს, და ასე ივლის, ალბათ, ეს პროცესი საუკუნეების მსვლელობაში კაცობრიობის (ან ვაი თუ მარტო პოეზიის?!) დასასრულამდე...

 

ლექსებს არ ახლავს კომენტარი იმიტომ, რომ წიგნი მიმართავს ფართო მკითხველს და არა სპეციალისტ-ფილოლოგს და კიდევ იმიტომ, რომ კარგი ლექსი უკომენტაროდაც კარგად აღწევს კარგი მკითხველის ყურს.

მაია ნათაძე

 

¹ იგულისხმება: ჩემი (ადამიანის) არსი უფრო შორიდან მოდის, ვიდრე ისეთი მარადიული და მშვენიერი რამ, როგორიც ვარდის სიწითლეა.

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!