ჭაბუკისა და მომაკვდავი გედის გაბაასება

ჭაბუკისა და მომაკვდავი გედის გაბაასება

სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის
გალაკტიონი


ვერც შენ გარდუხვალ განგების ნებას
ვით ვერ გარდუვა ნებას მისას მოკვდავი ყველა,
ნეტავი მღერა მე შემეძლოს ბაღისა ტბასთან
აღმივსებს ჰაზრთა მომაკვდავი გედის სიმღერა.
გედის სიმღერა ბედის სიმებად ხალიჩებს ჰფენდა
და ისე ჰკრეფდა ოქროსფერ ვაშლებს მარადისობის,
არავისობა დაეჩემა თეთრ სულის ტრფობას
მთებში მიჰყვება მას ბაღისა ლამაზის ხმობა.
-მოვედ ჭაბუკო დაესახლე ბაღის კუთხეში
რა ანუგეშებს თეთრი თოვლის ტფილ სიფაფუკეს
უნდა მოგითხრო.
-ვისღა მოვკითხო თეთრო გედო სულის სიმშვიდე
ისღა მომითხრე.
-ჩემო ჭაბუკო ნუ ეძიებ სულის სიმშვიდეს
სულის ნიშში ძევს შეუცნობი ჯერც სიჩაუქე
ზეცის შავ უბნებს დაუმსხვრიე კვლავ მუზარადი
და მუნ შეიცან შეუცნობი მცნება მარადი:
მარად იცოდე მარადი ცოდნით მარად იწოდე,
მაგრამ იცოდე ცნება ესე არის ნადავლი
ო, მოვლა უნდა მას ჭაბუკო და გაფრთხილება
გრწამდეს ჭაბუკო ბრმასაც თვალი აეხილება

 

თუ გარდიქცევა ამა მცნების ფრთამალ ხილვებად.
- ო, თეთრო გედო, სულსა სურს, ენდოს შენსა ნათხრობსა
ღამის მნათობსა ყვითელ მთვარეს თუ გადაენთო
სულის ჩემის მზე და აენთო შევძლებ ბნელ ზეცას თავი მოვკვეთო,
მაგრამ ო, გედო, თეთრო გედო ულამაზესო
უმალ ფაზისი გადაუვლის სულის ბნელ კრედოს
ვიდრე შენ გენდოს უწმინდესო და უნაზესო.
ცოდნა? -ცოდნა ხომ ბოროტებაა არაფრთამალო
გედო საბრალოვ ვარდისფერი გზით მიმავალო,
ვითარ დავმალო რომე ცოდნა ჰღუპავს სმაყაროს...
დაე დაჰღალოს სული ჩემი ცოდნის ფაზისმა
და ოაზისი სულის ჩემის სამგან მოისრას,
იმავდროისად ესრეთ ვჰგონებ ულამაზესო:
ცოდნა ეს არს დასასრული სამყაროისა.

 

- არა ჭაბუკო , ბოროტება არის არცოდნა
გრწამდეს არც ოდნავ ბოროტება არ არის ცოდნა
თქვენ კაცნი სცოდავთ ვითარც ცოდნით ესრეთ არცოდნით
ესე გახსოვდეს ო ჭაბუკო შუენიერო
არს ბედნიერი ვინც შეიცნო ცოდვა და ცოდნა
ვინც საბრალოა მან არცოდნას გადსცა სული
და დასასრული სამყაროის არს არცოდნა.
- ო თეთრო გედო, უწმინდესო და უნაზესო
ულამაზესო გედთა შორის უუთეთრესო
ნეტა შემეძლოს შენებრ მღერა, მღერა უბრძნესად
დღესა უგრძესსა რომელს ჰრვიან წუთისოფელი
სულის მოფენით გარდვივლიდი დღესა უგრძესსა,
ო,თეთრო გედო უჭმინდესო და უნაზესო.
- ჭაბუკო ჩემო შენი მიზანი მრავალს იზარებს
ბევრს ისიზმარებს, დაჰკრავს ცისმარე მაღალ ცის ზარებს
ესრეთ ზარობით და ცეზარობით დასცრეცს ზარობებს
დასტოვებს ზიანს და ჰპოებს მზიანს მას, პოეზიას!

 

და შენ გარდუხვალ განგების ნებას
ვით ვერ გარდუვა ნებას მისას მოკვდავი ყველა...
- ო, თეთრო გედო უწმინდესო და უნაზესო

 

უუთეთრესო გედთა შორის ულამაზესო...
სიმთ მღერითა კეთილითა ამბოხებულმა
ბაღისა გედმა არცა იწვალა და მიიცვალა
სიბერითა კეთილითა განპოხებული.

 

დაიბეჭდა თსუ-ის სტუდენტთა ლიტერატურული ალმანახის „პირველი სხივის“
1977 წლის მე-12 (№12) ნომერში. [1] 

პირველად გამოქვეყნებულ იქნა 1977 წ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის
უნივერსიტეტის ალმანახში „პირველი სხივი“

 

 

 

გაზიარება: